ივანიშვილის დაბრუნებით წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება - სარჯველაძე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაზე გამარჯვების უპირატესობა ივანიშვილის დაბრუნებამდეც ჰქონდა, თუმცა ამ მოცემულობამ აღნიშნული პოტენციალი კიდევ გაზარდა. მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები თავად ივანიშვილმაც კარგად განმარტა.
მე ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძის ეს რემარკა იყო აბსოლუტურად მართებული, იმიტომ, რომ ფაქტები სწორედ ამაზე მიუთითებს. "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ისედაც უპირატესობა ოპოზიციასთან მიმართებაში. ეს სასტარტო პოზიცია, რომელიც წლის დაწყებამდე არსებობდა, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი გახლდათ. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, არსებითად იცვლება ამ თვალსაზრისით მოცემულობა და გაცილებით უფრო შთამბეჭდავი შეიძლება იყოს წარმატების პოტენციალი, რომელიც აქვს წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას". საქმეც იმაშია, რომ აიხსნა რეალურად, მიზეზი რა არის და მათ შორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაკეთდა ეს განცხადება, რომ ოპოზიცია არის იმდენად, კრიტიკულად სუსტი, რომ ასეთ შემთხვევაში ეს განაპირობებს იმ მიზეზებს, იმ საჭიროებას, რის გამოც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, - ამბობს სარჯველაძე.
ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ "ქართულ ოცნებას" უჭირდა და შველა სჭირდებოდა. "ოცნების" თავმჯდომარემ, პრაქტიკულად, თქვა, რომ ივანიშვილის გარეშე 2024 წლის არჩევნებს წაააგებდნენ, ბიძინა ივანიშვილი კი კულისებიდან სწორედ ძალაუფლების დაკარგვის შიშმა გამოიყვანა.