რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში 2023 წელს - საქსტატის ანგარიში

22.01.24 12:28
რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში 2023 წელს - საქსტატის ანგარიში

საქსტატმა 2023 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ბრუნვამ 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2022 წელთან შედარებით ბრუნვის მაჩვენებელი 3%-ით არის შემცირებული, აღნიშნული მაჩვენებლით რუსეთმა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტი ჭარბობს, თავად სავაჭრო ბრუნვის კლება განპირობებული იყო იმპორტის $70 მილიონით $1.74 მილიარდ დოლარამდე შემცირებით, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2%-ით გაიზარდა და მან 657 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსეთში 5%-ით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი და მან $168 მილიონ დოლარს მიაღწია. ექსპორტში მეორე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს 67.4 მილიონი დოლარით (ზრდა 42%), ხოლო მესამე ადგილი 67.1 მილიონი დოლარით ავტოექსპორტმა დაიკავა, რაც 2022 წელთან შედარებით 11%-ით არის შემცირებული.

რა საქონელი გაიტანა საქართველომ რუსეთში 2023 წელს

  • ღვინის ექსპორტი - $168 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%;
  • სპირტიანი სასმელები - $67.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 42%;
  • ავტოექსპორტი - $67.1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 11%;
  • მინერალური წყლები - $62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
  • გაზიანი შაქრიანი სასმელები - $61 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 54%.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ უშუალოდ რუსეთის მიმართულებით გასულ წელს საქართველოდან 4,966 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა (67 მლნ დოლარი), თუმცა ამავდროულად რეკორდულად გაიზარდა ავტომობილების ექსპორტი ცენტრალურ აზიაში, სადაც მოთხოვნის ზრდა მათ შორის ავტომობილების რუსეთში გადაყიდვის გამო იყო მომატებული.

რაც შეეხება პირდაპირ ექსპორტს, 2023 წლის აგვისტოდან საქართველოდან რუსეთში ამერიკული, ხოლო სექტემბრიდან ევროპული ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა, რამაც პირდაპირი ექსპორტის შემცირება განაპირობა.

მსგავსი სიახლეები