ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აძლევს ჩვენებას
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აძლევს ჩვენებას. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა.
საქართველო საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
დარსალია, რომელიც საზღვრის დამდგენ კომისიას 2020 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ რუკები, პროტოკოლები, ოქმები და სხვა დოკუმენტები საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას გადაუგზავნეს, რათა სრულყოფილი ანალიზი ჩაეტარებინათ და ქართული მხარე ნაბიჯების სისწორეში დარწმუნებული ყოფილიყო. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, ყველა ის მასალა, რომელიც ქართულმა მხარემ მოაგროვა, აზერბაიჯანული მხარისთვის უკვე გადაცემულია და ქართულ-აზერბაიჯანულ კომისიას მისი შესწავლა დაწყებული აქვს. 24 სექტემბერს, საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიის მომდევნო სხდომაზე სწორედ ამ დოკუმენტებს განიხილავდნენ. დარსალიას თქმით, ექსპერტული დასკვნით, 1:200000-იანი რუკა 1:500000-იანის დამხმარე დოკუმენტია.
დავითგარეჯის საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, კარტოგრაფები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".