მორატორიუმი ყველა გამოსახლებას! გათავისუფლდნენ დაკავებულები - რას ითხოვენ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილები
"ვითხოვთ მორატორიუმს ჩანიშნულ გამოსახლებებზე! გათავისუფლდნენ დაკავებულები", - ამის შესახებ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილი აქტივისტები საუბრობენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს მოთხოვნის ირგვლივ, გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე.
სახალხო სოლიდარობის და წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით ჩაინიშნა მიჯრით სამი გამოსახლება ოჯახებში, რომლებიც არ ეგუებიან უსამართლო ჩაგვრას. ეს იყო მათი სტრატეგია, სამართლიანი ბრძოლის კერების ჩახშობა. დღეს კეკელიძეზე ვიხილეთ მარინა ხატიაშვილის გამოსახლებისგან დასაცავად შეკრებილი ხალხის ჯოჯოხეთური დარბევა, მათ შორის ახალგაზრდების, მოხუცების და გოგოების მიწაზე თრევა, მათი უკანონო დაკავებები და იცით, რომ დაკავებულია 20 ადამიანი.
უნდა გვახსოვდეს, ხვალ იმავეს უპირებენ ნახალოვკაში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში მაია კიკალეიშვილის ოჯახს, 2008 წლის ომის ვეტერან ქალს ორ მოზარდ შვილთან ერთად. რაც ყველაზე მეტად გვაღელვებს და უნდა გვახსოვდეს, ხვალ, შესაძლოა, იმავე დარბევის მსხვერპლი გახდნენ ბავშვები, ქალბატონი მაიას შვილების სკოლელები, რომლებიც იქ იდგებიან. იქ უნდა ვიდგეთ ჩვენც.
უნდა გვახსოვდეს, რომ იმავეს უპირებენ 26-ში ბალახაძეების მშრომელი კურიერების ოჯახს, ზანდუკელის 2-ში, რუსთაველის ძეგლთან. ოჯახში ორსული ქალი და შშმ პირი ბინადრობს. ეს გარემოებები გვავალდებულებს, ვიდგეთ მათ გვერდით.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სამი ოჯახის გარდა საქართველოს მასშტაბით გამოსახლების რიგშია 1300 ოჯახი. მთელი საზოგადოება ვალდებული ვართ, იქამდე დავასრულოთ ეს ჯოჯოხეთი, ვიდრე დამრბევი რაზმები მათ კარებსაც შეანგრევენ.
საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ ერთი მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნის ირგვლივ – მოვითხოვთ სასწრაფო და დაუყოვნებლივ მორატორიუმს ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე.
ამ მოთხოვნის შესრულებას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ეს შესაძლებელია პარლამენტის ერთი აქტით და პარლამენტი ვალდებულია, ეს აქტი მიიღოს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ ხვალინდელ და 26-ის გამოსახლებებზე და უფრო მძაფრად უნდა დავაყენოთ შემდეგაც.
ყველას გელოდებით ხვალ 09:00-დან ცოტნე დადიანის 259 ნომერში.
კიდევ ერთი მოთხოვნა – შეწყდეს სამართლებრივი დევნა 20-ვე დაკავებულზე ყოველგვარი პირობის გარეშე“, – განაცხადა წიქარიშვილმა.