"ოცნება" ამზადებს პროვოკაციებს, იგეგმება დიპ ფეიკი ვიდეოების დამზადება" - გახარიას გუნდი
"ქართული ოცნება" არჩევნების წინ ყველაზე ბინძური მეთოდებით ბრძოლას აპირებს", - ეს სკანდალური განცხადება დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდმა გააკეთა. ყოფილი პრემიერის პარტია "ოცნებიდან" გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ იგეგმება დიპ ფეიკი ვიდეოების დამზადება.
ანუ, რას ნიშნავს ეს - ეს არის მონტაჟის და გრაფიკული დამუშავების შედეგად მიღებული ვიდეო, სადაც შეიძლება ადამიანი ისეთ რამეზე საუბრობდეს, ან ისეთ მოქმედებას ასრულებდეს, რაც არასდროს უთქვამს და არ გაუკეთებია.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, "ოცნებას" 2024 წლის არჩევნების წაგების ეშინია, ამიტომ ახლა მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა გზით პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან.
ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ "ოცნება" ამზადებდა და ამზადებს პროვოკაციებს, ძალის დემონსტრირებას, დეზინფორმაციას ე.წ. დიპ ფეიკებს. ეს ინფორმაცია ჩვენამდე ჟონავს მათივე პარტიიდან და მათ მიერ კონტროლირებადი მედიებიდან. არჩევნებამდე ყველანი უნდა ველოდოთ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ", - ამბობს ბუჩუკური.