ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა "ოცნების" კორუფციული გარიგებების გამო, სამუშაოები არ დასრულებულა - ანთაძე

24.01.24 13:55
ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა "ოცნების" კორუფციული გარიგებების გამო, სამუშაოები არ დასრულებულა - ანთაძე

"ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორი მიდგომა აქვს "ოცნებას" ბათუმის მიმართ.

"ამ გზის მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 2023 წლის თებერვალში. რამდენჯერმე გადაიწია ვადამ და ეს არის ცენტრალური გზა, ერთ-ერთი ცენტრალური არტერია, რომელიც შემოდის ბათუმში და იცით, მოსახლეობა რა დღეში იყო ამ გზის მშენებლობის დროს და ახლა ხედავთ, რომ ეს გზა არის დაუმთავრებელი, დაუსრულებელი. ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი და იმის, თუ როგორი მიდგომა აქვს "ქართულ ოცნებას" ბათუმის მიმართ". - განაცხადა ლევან ანთაძემ.

რეზო ხარაძის თქმით, პროექტში შეტანილია ცვლილებები, რის გამოც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის 24 თებერვალს დასრულდება.

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა 2022 წლის 14 აპრილს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "ერ ტე დე"-სთან ხელშეკრულება გააფორმა 13 ივნისს. 

სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2023 წლის თებერვლამდე, მაგრამ განხორციელდა რამდენიმე ცვლილება ვადების გაგრძელებასა და პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და საბოლოოდ უნდა დასრულდეს 2024 წლის 24 თებერვალს". - განაცხადა რეზო ხარაზმა.
 

მსგავსი სიახლეები