ფანტაზიაა - "ოცნება" გახარიას პარტიის ბრალდებაზე
"გახარიას პარტიის განცხადებები არათუ სცილდება რეალობას, არამედ მდარე ფანტაზია და დრამატურგიაა", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი ყოფილი პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას დიფ ფეიკებთან დაკავშირებით.
მათიკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია შეშინებულია, რადგან 5 %-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალავახს.
ყველა რადიკალური ოპოზიციური პარტია, მაგრამ განსაკუთრებით, გიორგი გახარია და მისი პარტია, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი პრობლემა 5%-იანი ბარიერის გადალახვის არჩევნებზე, ცდილობს, მოძებნოს ისეთი სკანდალური თემები, რომლითაც დააინტერესებს საზოგადოებას და რაიმე სახით პოლიტიკურ ავანსცენიდან ის არ გაქრება. ეს არის და ეს, მეტი არაფერი, რადგან გიორგი გახარიას, მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადება სცილდება არათუ სცილდება რეალობას, ეს არის მდარე ფანტაზია, მდარე დრამატურგია", - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ბექა ოდიშარია გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, რომელმაც თქვა, რომ 25 ოჯახი კორუფციაშია ჩართული და ამბობს, რომ სწორედ ეს არის დეზინფორმაცია. ოდიშარია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ არანაირი დიფ ფეიკის გაკეთებას არ აპირებს.
ნურაფრის ნუ ეშინიათ, არავითარი დიფ ფეიკებისთვის არ ემზადება "ქართული ოცნება" და საერთოდ, გახარიას გუნდის უკანასკნელი განცხადებები თავად გიორგი გახარიასთვისაც სამწუხაროა, რადგან თქვენ გახსოვთ, მან განაცხადა რაღაც ეფემერული 25 ოჯახი არის თურმე კორუფციაში ჩართული. ეს არაკეთილსინდისიერი განცხადებაა, როდესაც არ ასახელებ ამ ადამიანებს, ან დანაშაულს მალავ, ან დიფ ფეიკი სწორედ ეს არის. ანა ბუჩუკურს გადაეცით, რომ ნურაფრის ნუ ეშინია", - ამბობს ოდიშარია.
"ქართული ოცნება" არჩევნების წინ ყველაზე ბინძური მეთოდებით ბრძოლას აპირებს", - ეს სკანდალური განცხადება დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდმა გააკეთა. ყოფილი პრემიერის პარტია "ოცნებიდან" გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ იგეგმება დიპ ფეიკი ვიდეოების დამზადება.
ანუ, რას ნიშნავს ეს - ეს არის მონტაჟის და გრაფიკული დამუშავების შედეგად მიღებული ვიდეო, სადაც შეიძლება ადამიანი ისეთ რამეზე საუბრობდეს, ან ისეთ მოქმედებას ასრულებდეს, რაც არასდროს უთქვამს და არ გაუკეთებია.