მთავრობის მიერ გადამალული დოკუმენტები "ოცნების" მაღალჩინოსნების საბრალდებო დასკვნაა - ნადირაძე
"ოცნების" მაღალჩინოსნების საბრალდებო დასკვნა - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მთავრობის მიერ გადამალულ განკარგულებებს. ოპოზიციის წევრის თქმით, სახელისუფლებო გუნდის წევრებს აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროება სწორედ ამიტომ არ სურთ.
აღმოვაჩინეთ, მაგალითად, როგორ აჩუქა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ცოლს ტყე, როგორ აჩუქეს "კგბ"-შნიკ და სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ასევე საწარმოო ტერიტორია კონკრეტული საინვესტიციო პირობებით. მსგავსი განკარგულებაა თითქმის ყოველი მეორე და შესაბამისად, არ სურთ, რომ ეს დოკუმენტები ჩაუვარდეთ ხელში ჟრნალისტებს, არასამთავრობოებს, ოპოზიციურ პარტიებს, იმიტომ, რომ ყველა მსგავსი დოკუმენტი არის საბრალდებო დასკვნა, რომლითაც შეიძლება "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ჩასმა პირდაპირ ციხეში, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.