"კლანი საფრთხეს ხედავს, მოსწრებაზე არიან!" - ახვლედიანი სამი მოსამართლის კონკურსზე
სასამართლო კლანმა დროის მოგება გადაწყვიტა - ასე აფასებენ მესამე სექტორში დროზე ადრე გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება თავს იზღვევს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი "პირველებთან" ამბობს, რომ პროცესის დაჩქარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ განაპირობა, რადგან ახალმა მოწვევის პარლამენტმა შესაძლებელია, მხარი არ დაუჭიროს საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატებს, აქედან გამომდინარე, "ოცნება" ცდილობს, სასურველი კანდიდატების დროზე ადრე დამტკიცებას.
ჩვენ ვიცით, როგორ აირჩიეს საბჭო. ამ ტიპის არჩეული საბჭოს არჩეული წარმომადგენელი უზენაეს სასამართლოში არანაირი სანდოობას არ იმსახურებს. მითუმეტეს პარლამენტს ვადა ეწურება, ოქტომბრამდე საპარლამენტო არჩევნებია და ისინი ცდილობენ, რომ მანამდე მოასწრონ და მოახერხონ მათთვის სასურველი კანდიდატების დამტკიცება და ამ პოზიციების გამყარება. ამ წუთში არაფერში სჭირდებათ, თუმცა რეალურად ხედავენ საფრთხეს, რომ შემდგომ შეიძლება ვერ მოხერხდეს, ამიტომ ცდილობენ, ეს მოასწრონ და გააკეთონ, თორემ ეს ყველაფერი არის ილუზია", - ამბობს მამუკა ახვლედიანი.
მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი გავლენებს იძლიერებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნას იწყებს. დარგის სპეციალისტებს უჩნდებათ ეჭვი, რომ კლანი ამ შემთხვევაშიც მათი ნდობით აღჭურვილი პირებისთვის გახსნის სასამართლო სისტემის კარს.