"რას მეუბნება სასამართლო - რომ მცემენ, ხელი არ შევუბრუნო?" - ხმაური სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიციის ალყაში. სამოქალაქო აქტივისტებს და სტუდენტებს სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ ვერდიქტი გამოაცხადა და კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ციხეში გაუშვა. ამის შემდეგ ვითარება სასამართლოს დერეფანში უკიდურესად დაიძაბა. ახალგაზრდები გადაწყვეტილებას შეძახილებით აპროტესტებდნენ, რასაც მანდატური და ადგილზე გამოძახებული კრიმინალური პოლიცია ძალით დაუპირისპირდა.
უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლებას რომ ებრძვიან, ამისთვის დააკავეს, ზონდერ ბრიგადას რომ წინააღმდეგობა რომ გავუწიეთ, რომ გვცემეს, რომ დაგვყარეს ქუჩაში ხელებზე ნახე რა გვჭირს. რას მეუბნება სასამართლო, რომ რომ მცემენ, ხელი არ შევუბრუნო?“ - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.
დაკავებული სტუდენტების პროფესორ-მასწავლებლები მზად იყვნენ ბრალდებულებს თავდებში ჩადგომოდნენ. თუმცა არც ეს მოთხოვნა და არც ადვოკატების არგუმენტები მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
რატომ დააზიანეს აღსრულების ბიუროს ავტომობილი - ამ კითხვაზე დაკავებულმა თავად გასცეს პასუხი. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ერთადერთი მიზეზი ყურადღების გადატანა იყო, რადგან ხედავდნენ, რა მეთოდებით უსწორდებოდნენ სამართალდამცველები მარინა ხატიაშვილის ოჯახს და მის მხარდამჭერებს.
სიტუაცია დაიძაბა იმით, რომ საცხოვრებლის კარი შეანგრია აღსრულების პოლიციამ და იწყებოდა გამოსახლება, სწორედ ამ პროცესში მომაფიქრდა, რომ ზიანი მიმეყენებინა მათი კუთვნილი ავტომობილისთვის, ყურადღება გადამეტანა სწორედ ამაზე და დროებით შეჩერებულიყო გამოსახლება,“ - ამბობს კაკო ჩიქობავა.
დაკავებულების უფლებადამცველი გურამ იმნაძე ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სადამსჯელოა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები ნაწილობრივ აღიარებდნენ ჩადენილ ქმედებას, არ უარყოფდნენ მანქანის დაზიანების ფაქტს, ასევე გამოხატავდნენ მზაობას გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით და მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვისაც მზად იყვნენ, ამის მიუხედავად, მათ მიმართ იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული, თანაც იმ ფონზე, როცა პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აჩენს განდას, რომ მოსამართლემ იმოქმედა არა სამართლიანობის და ადამიანის უფლებების პრინციპებით, არამედ სადამსჯელოდ,“ - ამბობს გურამ იმნაძე.