"ოცნების" უარი EU-ს - მოსამართლეების საქმიანობა რევიზიას არ ექვემდებარება
მოსამართლეების საქმიანობა და მათი ქონება რევიზიას არ ექვემდებარება. "ქართული ოცნების" ღია უარი ევროკავშირს და ბრიუსელის მოთხოვნების საჯარო უგულებელყოფა. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი დათქმის შესრულებაზე უარს ამბობს. სასამართლო კლანი და მათი სანქცირებული მმართველები ხელშეუხებლები არიან. "ოცნებამ" დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მორჩილ მოსამართლეებს, რომ მათ გარანტირებული იმუნიტეტი აქვთ.
არც ერთი კომისია და არც ერთი სამუშაო ჯგუფი. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამ დრომდე ელოდება ხელისუფლების ინიციატივების განხილვას ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად. დაანონსებული ერთობლივი მუშაობაც ფუჭი დაპირება აღმოჩნდა. ერთადერთი ფორმალური შეხვედრა ოპოზიციასთან 29 იანვარს გაიმართება. რის შემდეგაც "ოცნება" დაჩქარებული წესით მიიღებს იმ კანონპროექტებს, რომლებიც ისე დაწერეს, რომ ოპოზიციისთვის და მესამე სექტორისთვის აზრიც არ უკითხავთ.