საავადმყოფოს პალატებიდან ქუჩაში - ექიმები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან
საავადმყოფოს პალატებიდან ქუჩაში - უკვე მეორე დღეა, თბილისში თეთრხალათიანების პროტესტია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. დროის ათვლა დაწყებულია. ხვალ მედიკოსები მასშტაბურ აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ, რადგან მინისტრმა მათთან შეხვედრა არ ისურვა, აზარაშვილთან თავად მივლენ. მედიკოსები ითხოვენ, არ დაინგრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა და მინისტრმა თეთრხალათიანების მოსყიდვის მცდელობაზე უარი თქვას.
საპოლიციო კორდონების შემდეგ დღეს რესპუბლიკურში მისული ექიმები უკვე ყვითელ ლენტებს არღვევდნენ. საავადმყოფო პრაქტიკულად პარალიზებულია. ჩაკეტილია გადაუდებელი დახმარების ცენტრის შესასვლელიც, სადაც რეანომობილები გადაადგილდებიან. მანქანის მძღოლები იძულებულები ხდებიან ძველი შენობის შესასვლელით ისარგებლონ, რაც პაციენტისთვის დახმარების მიღებას აჭიანურებს და მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.