კომპანიის დამფუძნებლები სწირავენ ფულს "ოცნებას", რაც არის ერთგვარი ინდულგენცია - ლაშა ფარულავა
"მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, რუსული მოდელი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები ამ თაღლითური კორუფციული სქემებით აფინანსებენ მათ შორის მის პარტიას, ივანიშვილი კი არ აფინანსებს," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა "რეაქციაში" აკეთებს.
როგორც ფარულავა ამბობს, ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციაა და ერთ-ერთ მაგალითად ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ჯგუფის საქმიანობა მოჰყავს, მათ შორის ელექტროენერგიის შესყიდვა - "შექმნეს შუამავალი კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ ოფისები და ფასნამატით ვყიდულობთ ელექტროენერგიას და მოქალაქეებს უძვირდებათ ცხოვრება".
არსებობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით პოლიტიკური კორუფცია - ავიღოთ ტენდერები, სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიარდზე მეტს ვხარჯავთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და, ფაქტობრივად, ამ 2 მილიარდიდან 20 პროცენტს თვლიან, რომ არის თავისი, ამისთვის შექმნეს თაღლითური სქემა, არის ფავორიტი მათი კომპანიები, ამ ფავორიტ კომპანიებს აძლევენ ტენდერებს და როდესაც ეს კომპანიები არ შეასრულებენ სამუშაოებს კეთილსინდისიერად, არის პრობლემა ვადებში, ხარისხში, რა ხდება - მიდიან ამ კომპანიის დამფუძნებლები და სწირავენ ფულს ქართულ ოცნებას, ეს არის ერთგვარი ინდულგენცია და აბსოლუტურად ყველანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არიან თავისუფლები, ეს არის სისტემური ხასიათის და ამაზე საუბრობს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია,“ - ამბობს ლაშა ფარულავა.