"ვაკვირდებით ხელისუფლების ქმედებებს" - აშშ საქართველოში გადამწყვეტი არჩევნების დასაკვირვებლად ემზადება
აშშ საქართველოში გადამწყვეტი არჩევნების დასაკვირვებლად ემზადება. ამერიკული სანქციების ჯგუფის მთავარი კოორდინატორი აანონსებს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში დროულად ჩამოვა.
ჯიმ ობრაიენისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნება აღსრულდეს და არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ობრაიენი ფიქრობს, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ქვეყნის ევროინტეგრაცია.
საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიას. ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში მართლაც ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები წარმატებული იქნება, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები 85%-ზე მეტი მუდმივად ამბობს, რომ მათ სურთ რეფორმები, ასევე ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ აქ უნდა დავდგეთ ახლა. საქართველოს მთავრობამ მართლაც გასწია ძალისხმევა რეფორმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ბოლო თვეებში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს. ვფიქრობ, არსებობს საფუძველი, ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ საქართველო ამ გარემოშ მთავარი კონტრიბუტორი იქნება,თქვა ობრაიენმა ჟურნალისტებთან ონლაინ დისკუსიაზე.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩაატრარებს არცევნებს "ქართული ოცნება". მათი თქმით, ხელისუფლებამ მოქალაქეების მოსყიდვა უკვე დაიწყო, რათა 2024 წლის არჩევნები მანიპულაციების გზით გააყალბოს.
დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მცდელობას "ქართული ოცნების" მხრიდან ძირითადად მოსყიდვის და სხვადასხვა ტიპის შეღავათების, ბინების დარიგების, დაპირებების დარიგების მცდელობას, რომ ადამიანები მოისყიდონ, თუმცა არ არის გამორიცხული, როგორც წარსულში მათ გამოიყენონ სხვადასხვა ბერკეტები, ეს არის საჯარო მოხელეების ამუშავება, ქუჩის ამუშავება და ა.შ. შესაბამისად, სადამკვირვებლო მისიის აქ ყოფნა თავიდანვე არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამბობს "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე.