თსუ-ს სტუდენტები რექტორის პასუხს ელოდებიან - ახალგაზრდები უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ
თსუ-ს სტუდენტები რექტორის პასუხს ელოდებიან - ნომერ პირველ აუდიტორიაში გამაგრებული ახალგაზრდები ჯაბა სამუშიას განცხადების გავრცელებისკენ მოუწოდებენ. არსებული ინფორმაციით, ჯაბა სამუშია საქართველოში არ იმყოფება, დღის ბოლოს ბრუნდება და სტუდენტები მისგან რეაგირებას და ოფიციალურ მიმართვას ელოდებიან, სადაც მოითხოვს დაკავებული ლექტორების გათავისუფლებას.
პროტესტის რეჟიმში გადასული სტუდენტები კეკელიძის ქუჩაზე, დაკავებული ლექტორების გათავისუფლებას ითხოვენ. გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
თუ დაკავებულ პროფესორებს ციხის კარს არ გაუხსნიან, დიდი ალბათობით, ქვეყანაში ახალი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა აგორდება. აქციის მონაწილეების სამოქმედო გეგმა კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
მევახშეებმა ჩაიგდეს რაღაც ქონება თაღლითურად და ამ თაღლითურად მოპოვებულ კაპიტალს იცავს სახელმწიფო. გიორგი და კაკოს საქციელი იყო ის, რომ მათ ღირსეული პასუხი გასცეს ამ ძალადობრივ გამოსახლებას. რაღაც სულიერ არსებას კი არ მიაყენეს ზიანი, უსულო საგანი დააზიანეს და ამის გამო, პატიმრობას უსჯიან და ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა ამ ადამიანების მიმართ,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ჩვენი მიზანი არის, რომ აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლება და გამოუშვან ეს ხალხი, რომელმაც სრულიად სამართლიანად დაამტვრია მევახშეების ზონდერ-ბრიგადის მანქანა.
სტუდენტები ელოდებიან ლექტორებისგანაც პასუხს, რომ საერთო მიმართვა გაკეთდეს კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გამოშვებასთან დაკავშირებით. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ ამ აქტივობებს გავაგრძელებთ,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მაისის სტუდენტურ მოძრაობას და სხვა სტუდენტებს დაკავებული გვაქვს თსუ-ს კანცელარია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ორგანიზმია უნივერსიტეტისთვის და აფერხებს სწავლას. ჩვენი ეს ქმედება გამოწვეული არის იქიდან, რომ დაიჭირეს აკადემიური სფეროს წარმომადგენლები - კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია. ამ ორი ადამიანის მხრიდან ეს ქმედება აბსოლუტურად ლოგიკური პასუხი იყო, ეს იყო ამავდროულად თვითგადარჩენის ინსტინქტიც, რომ ეს ადამიანები არ გამოესახლებინათ იქიდან,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.