ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა სომხეთის პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ სომხეთთან სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს.
„მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს მიაღწია. სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. გასულ წელს სომხეთიდან, თითქმის, მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს კარგი პარტნიორობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დე-ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე ეს მოცემულობა გაფორმდა და ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მადლიერები ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე მთავრობა მზად ვართ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო. დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური წინსვლაზე, პროექტების შესრულებაზე და ასევე განვიხილეთ მრავალი საკითხი, რაც ეხება მრავალ მიმართულებას.
საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლებმა დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობის შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ", - თქვა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.