ხასაიასა და ჩიქობავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება "ოცნების" მხრიდან რევანშია - კუპრაძე
შერჩევითი სამართალი და ორმაგი სტანდარტები - პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე "ტვ პირველის" ეთერში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორი ლექტორის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება "ოცნების" მხრიდან შურისძიებაა.
კუპრაძე მმართველ პარტიას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დროა, საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება აღდგეს.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერის თანამშრომელს 500-ლარიანი გირაო შეეფარდა და გაათავისუფლეს. კაბუ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე არაფორმალურ გარემოში, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ქალზე ძალადობის ფაქტის შემდეგ და მანქანის დაზიანებაში ბრალდებულ ხასაიას და ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ეს არის გაუგონარი, შერჩევითი სამართალი. "ქართული ოცნების" მხრიდან რევანში ამ ორ ადამიანზე, რომლებიც არიან პროფესორები. ახალგაზრდებს ასწავლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ და "ქართულმა ოცნებამ" თავი უნდა დაანებოს ამ ტიპის შერჩევით სამართალს - ამბობს კუპრაძე.