თეონა ჭალიძე - დაუყოვნებლივ ჩაურიცხონ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს
"სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს სოციალური გასაცემლის ჩარიცხვა ჯანდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვნად დაუგვიანა.
სწორედ ამიტომ თეონა ჭალიძე მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩაურიცხონ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს.
"დაუყოვნებლივ ჩაურიცხონ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს! სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურიიდან, კახეთიდან, შიდა ქართლიდან და თბილისიდან მოქალაქეების მომართვის შედეგად ჩემთვის ცნობილი გახდა რომ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს მათი გამომუშავებული თანხის ანუ სოციალური გასაცემლის ჩარიცხვა მნიშვნელოვნად დაუგვიანა ჯანდაცვის სამინისტრომ.
არადა გაცხადებული ჰქონდათ, რომ ეს სოციალური გასაცემელი დაირიცხებოდა ყოველ მომდევნო თვეს, არაუგვიანეს 10 რიცხვისა. როგორც დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები აცხადებენ ისინი დღემდე ელოდებიან დეკემბრის თვის ანაზღაურებას, რომელზეც მიიღეს დაპირება, რომ 15 იანვარს მაინც ჩაერიცხებოდათ, თუმცა უკვე 27 იანვარია და ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან.
მსგავს სიატუაციაშია 30000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი. მივმართავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაერიცხოთ სოციალური გასაცემელი დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს.
ასევე გააკეთონ განმარტება რამ განაპირობა მსგავსი პრეცედენტი და უზრუნველყონ რომ მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავს უპასუხიმგებლობას.“- აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.