"ოცნება" ზურაბიშვილის დასჯას აგრძელებს - ანა ნაცვლიშვილი
სალომე ზურაბიშვილს ფაშინიანის ვიზიტი დაუმალეს - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი "ოცნების" მხირდან პრეზიდენტის მორიგი დასჯის ფაქტზე საუბრობს.
ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობა თავს უფლებას აძლევს დადგეს ინსტიტუციურ მოწყობაზე მაღლა.
"ისინი აგრძელებენ ზურაბიშვილის დასჯას, თუ ხალხისთვის ამის ჩვენებას იმისთვის, რომ პრეზიდენტი ძალიან აქტიურად იცავდა და წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს ევროინტეგრაციის სასარგებლოდ. ასეთი რამე, როგორც წესი ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება. რა თქმა უნდა, არსებობს ხოლმე ინსტიტუციური თუ პერსონალური დაძაბულობები და მიუღებლობები პრეზიენტებსა და პრემიერებს შორის, საქართველო არ არის ამით გამონაკლისი, მაგრამ გამონაკლისია იმით, რომ თავს უფლებას აძლევს მთავრობა დადგეს ინსტიტუციურ მოწყობაზე მაღლა", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ სომხეთის პრემიერი საქართველოში იმყოფებოდა. ღარიბაშვილის მთავრობამ სომხეთის ლიდერს ისე უმასპინძლა, რომ შეხვედრა პრეზიდენტთან არც კი ჩანიშნულა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღარიბაშვილი უმაღლეს მთავარსარდალს ლიდერებს უმალავს. ასე მოხდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც. პრეზიდენტმა პრემიერის საქციელი განცხადებით დაგმო, რასაც ღარიბაშვილის ადმინისტრაციამ ახალი განცხადებით უპასუხა, თუმცა ისე, რომ თავი საერთოდ არ უმართლებია და არც პრეზიდენტი შეუმჩნევიათ. მთავრობის ადმინისტრაციამ შეგვატყობინა, რომ ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა მთაწმინდაზე ივახშმეს.