ექსკლუზივი: ფარცხალაძის რეკეტი სარდაფში ივანიშვილის სახელით - ჟურნალისტური გამოძიება
"მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - ვის ჯიბეში ილექება მილიონები აზარტული თამაშის ბიზნესიდან? კაცი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი აზარტული თამაშების ლიცენზიას და "კრისტალბეთის" 10%-იან წილს ფლობდა, ამტკიცებს, რომ მას წილი რეკეტით და დაშინებით დაათმობინეს.
მამუკა ქუნთელია "შაბათის ეთერს" უყვება, რომ აზარტული თამაშის ბიზნესის წილი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა, ოთარ ფარცხალაძემ, ოლიგარქის სახელით დაათმობინა.
"ფარცხალაძე მეუბნება რომ საქმის კურსშია პირველიო, ხან ასე მოიხსენიებდა, ხან ბიძინა ივანიშვილად. ამით მიმანიშნებდა რომ უნდა დავთანხმებულიყავი" - ამბობს "შაბათის ეთერთან" ქუნთელია.
ყველაფერი 2015 წელს დაწყო, როცა კაცმა, რომელიც საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი აზარტული თამაშების ექსკლუზიურ უფლებას ფლობდა, სარფიანი წინადადება "კრისტალბეთისგან" მიიღო. კომპანია ქუნთელიას თხოვდა, მისი თამაშები მათ პლატფორმაზე განათავსა და სანაცვლოდ აქციების 10% მისცეს. საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩანს, რომ კომპანიის იმ დროინდელმა მეწილეებმა, თამაშების მფლობელს, საკუთარი აქტივების ნაწილი გადასცეს. ბიზნესმენი ამ გარიგებით დიდ ფულს იღებდა. შემოსავლების სამსახურის ამონაწერით დასტურდება, რომ აზარტული თამაშების კომპანიისგან მას, ხელფასისა და დივიდენდის სახით, მილიონ 200 ათასი ლარზე მეტი აქვს ჩარიცხული.
ბიზნესმენი ჰყვება, რომ როგორც კი "კრისტალბეთს", თამაშების გამოყენების უფლება გადასცა, კომპანიამ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, კუთვნილი დივიდენდების გაცემა შეუწყვიტეს, მოგებიდან წილს 2016 წლის ივნისის შემდეგ აღარ ურიცხავდნენ. ბიზნესმენმა ამის გამო პარტნიორებისთვის ჩივილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაწყვიტა. "კრისტალბეთის" უკვე ყოფილი მეწილე ჰყვება, რომ უწყებაში მისული, პირადად, საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ლევან კაკავას შეხვდა. ქუნთელიამ კაკავას მომხდარის შესახებ უამბო და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ბიზნესმენი, რომელიც აზარტული თამაშის ბიზნესის წართმევაში ივანიშვილის გარემოცვას ამხელს, ამბობს იმასაც, რომ მას თავადპირველად შუამავალი გაუგზავნეს, რომელიც ოთარ ფარცხალაძის სახელით ელაპარაკებოდა.
მამუკა ქუნთელიას თქმით, მას უთხრეს, რომ მრავალმილიონიანი ბიზნესიდან ნებით უნდა გასულიყო და ფულს მისცემდნენ. უარის შემდეგ მისი თქმით, მოვლენებმა ოთარ ფარცხალაძის ცნობილ სარდაფში გადაინაცვლა და ბიზნეს დავის კულისებიდან, ქვეყნის ყველაზე ოდიოზური ყოფილი მთავარი პროკურორი თავად გამოვიდა.
თავადპირველად, ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად, "კრისტალბეთის" 10%-იანი წილის მფლობელი, შარტავას 37-თან მიიყვანეს. ქუნთელიამ, ავტომობილში მყოფი პირების საუბრებიდან გაარკვია, რომ ფარცხალაძეს, მის ცნობილ სარდაფში უნდა შეხვედროდა. ადგილზე მისულმა კი აღმოაჩინა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, საიდუმლო სამალავში, სხვა საპატიო სტუმარი, ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობი, რუსი სამხედრო პირი ჰყავდა. ამიტომ ქუნთელიასთან მორიგება, ფარცხალაძემ ავტომობილშივე სცადა.
ბიზნესმენი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურისა და ოთარ ფარცხალაძის შემდეგ, "კრისტალბეთის" მეწილე, ბიზნეს ომბუდმენთან მივიდა და დახმარება სთხოვა. ამ პოსტზე მაშინ გიორგი გახარია მუშაობდა. ქუნთელია ამბობს, რომ გახარიასაც, მასზე განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტების შესახებ უამბო.
ბიზნესმენის თქმით, გადაწყვეტილება არც ზეწოლის მეორე ტალღის შემდეგ შეუცვლია, ამიტომ ოთარ ფარცხალაძემ, საქმეში მასზე უფრო მძიმე არტილერია შემოიყვანა. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ბიზნესმენს შეუქმნა განცდა, რომ მასთან პირდაპირ სატელეფონო ხაზზე, ბიძინა ივანიშვილი იყო.
მისი მტკიცებით, ამ დროს უკვე მიხვდა რომ, წილს თუ არ დათმობდა, ფიზიკურად გაანადგურებდნენ და ქვეყანა დატოვა. მისივე თქმით, თავი ესპანეთს იმ იმედით შეაფარა, რომ ევროპაში წილის გადასაფორმებლად არავინ ჩააკითხავდა.
ემიგრაციაში 3 წელი დაყო, ამ დროს თან მომგებიანი ბიზნესის მფლობელი იყო და თან კუთვნილი წილიდან ერთ თეთრსაც აღარ უხდიდნენ. ამის გამო, როგორც თავად ამბობს, ბანკში ჩადებული ქონება - ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საცხოვრებელი ბინა და ძვირადღირებული ავტომობილი გაუყიდეს. ერთ დროს მილიონერი ბიზნესმენი, 2019 წელს, საქართველოში უსახლკაროდ და უსახსროდ დაბრუნდა.
ქუნთელია ჰყვება, რომ ქუჩაში დარჩენილი იძულებული გახდა, საბოლოოდ სამ წლიან ომში თავი დამარცხებულად გამოეცხადებინა და კომპანიის წილი 1 მილიონ დოლარად გაეყიდა.
2019 წლის 2 აგვისტოს გაფორმებულ, ნოტარიულ აქტში წერია, რომ მამუკა ქუნთელიას 10% ისევ მისმა პარტნიორებმა მილიონ დოლარად გამოისყიდეს, რაც რეალურზე ბევრად უფრო დაბალი ფასი იყო.
2011 წელს, ვიდრე ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდოდა, აზარტული თამაშების ბიზნესის წლიური ბრუნვა ფაქტ-მეტრის მონაცემებით, 424 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს კი 12 ჯერ გაიზარდა და 52 მილიარდ ლარს მიაღწია.
აზარტული თამაშების ბიზნესი, რომელიც ბევრი მოქალაქისთვის საბედისწერო განაჩენი აღმოჩნდა, ქართული ოცნების მმართველობისას აყვავდა. როგორ ნადირობს ხელისუფლება ამ ყველაზე მომგებიანი ბიზნესის წილებზე.
ვის ჯიბეში ილექება მილიონები აზარტული თამაშების ბიზნესიდან - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი