მართლმსაჯულების სისტემა, კორუფციასთან ბრძოლა - ოპოზიცია სამუშაო ჯგუფების ფორმატში "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს ხვალ გამართავს
მართლმსაჯულების სისტემა, კორუფციასთან ბრძოლა, საარჩევნო რეფორმა - ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რაზეც ხვალ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" დაელაპარაკება. ყურადღების ცენტრში საქართველოს პარლამენტი დილიდან მოექცევა. დეპუტატები ერთმანეთს სამუშაო ჯგუფების ფორმატში უნდა შეხვდნენ.
ღარიბაშვილის გეგმის მიხედვით, წესით, მთელი იანვარი ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივ მუშაობას უნდა დათმობდა, თუმცა ევროკავშირის დათქმების შესრულებას ხელისუფლება დაგვიანებით იწყებს.
ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური რიტორიკის გამო ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ სამუშაო ჯგუფები რაიმე შედეგს გამოიღებს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფებს იმის მოსაჩვენებლად ქმნის, რომ თითქოს, მმართველი პარტია მესამე სექტორის და ოპოზიციის შეხედულებებს ითვალისწინებს.
დეპუტატი თეონა აქუბარდია "პირველებთან" აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებმა, სამუშაო ჯგუფებში ჩართვასთან დაკავშირებით, განაპირობა ის, რომ "ოცნებას" მათთან ოპონირების შეეშინდა.
აქ არის საუბარი ზოგადად განხილვაზე პარლამენტის მიერ გადასაჭრელი საკითხების, იქნება ეს, მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო, რაც გეგმაში იყო, მათ შორის, ანტიკორუფციული, მაგრამ მე არ მგონია, რომ რაიმე შედეგი გამოვიდეს აქ. ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფებში, სწორედ იყო იმის ბიძგის მიმცემი, რომ "ქართულ ოცნებას" შეეშინდა ოპოზიციასთან ოპონირების", - ამბობს აქუბარდია.