ჩაერთვება თუ არა "ლელო" სამუშაო ჯგუფებში? - პარტია ხვალ პარლამენტში საგანგებო განცხადებას გააკეთებს
დაიწყებს თუ არა "ლელო" სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს - "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ხვალ პარტიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო განცხადებებით მიმართავს საზოგადოებას და იტყვიან, თუ რა ფორმით მიიღებს საპარლამენტო ფრაქცია სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას.
ნაცვლიშვილი ქართველ ხალხს 2024 წლის არჩევნებში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის დათქმების შესრულება რუსული ხელისუფლების გაშვების გზით არის შესაძლებელი.
ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ 9 რეკომენდაციაში არის, იყო 12 რეკომენდაციაში. სწორედ იმიტომ, რომ მათ არ შეასრულეს ეს რეკომენდაციები, ამიტომ დევს დღეს ეს რეკომენდაციები მაგიდაზე. ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ ხვალ დილით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გააგრძელებს ამ საკითხზე მოქმედებას "ლელო". არანაირი მოლოდინი, გონივრული იმედი იმისა, რომ რუსული ხელისუფლების პირობებში გატარდება ევროპული რეფორმები, სასამართლოს, კორუფციასთან ბრძოლის, დეოლიგარქიზაციის, დეპოლარიზაციის და ა.შ. მიმართულებით "ლელოს" არ ჰქონდა, არ აქვს. ამ ცხრა რეკომენდაციების შესრულების გზა გადის ერთადერთ რამეზე, არჩევნების გზით რუსული ხელისუფლების გაშვებაზე", - ამბობს ნაცვლიშვილი.