"ოცნებამ" 9 დათქმის განსახილველად პარლამენტში NGO-ების დიდი ნაწილი არ მიიწვია
"ქართულმა ოცნებამ" ცხრა დათქმის განსახილველად პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი არ მიიწვია - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" და "სამართლიანი არჩევნების" ურისტები პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
NGO-ების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს, სამუშაო ჯგუფებში აქტიურად ჩართულობის მიზნით, უკვე მიმართეს. ისინი "პირველებთან" აცხადებენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებსა და დათქმებზე მუშაობა ინკლუზიურად უნდა წარიმართოს.
ამ შეხვედრაზე არ ვართ მიწვეულები, თუმცა ვიცით, შევიტყვეთ, რომ ეს შეხვედრა იგეგმება. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომ გვსურს ჩართვა და მონაწილეობა ამ პროცესებში, რადგან მნიშვნელოვანი გვგონია, რომ ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობა წარიმართოს მაქსიმალურად ინკლუზიურად, მაღალი ჩართულობით. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის მართლმსაჯულების რეფორმა. სამოქალაქო ორგანიზაციებს გვაქვს გარკვეული ხედვები და რეკომენდაციები ამ საკითხებზე, რაც იმედია, გათვალისწინებული იქნება ამ ჯერზე მაინც", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
მართლმსაჯულების სისტემა, კორუფციასთან ბრძოლა, საარჩევნო რეფორმა - ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რაზეც ხვალ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" დაელაპარაკება. ყურადღების ცენტრში საქართველოს პარლამენტი დილიდან მოექცევა. დეპუტატები ერთმანეთს სამუშაო ჯგუფების ფორმატში უნდა შეხვდნენ.
ღარიბაშვილის გეგმის მიხედვით, წესით, მთელი იანვარი ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივ მუშაობას უნდა დათმობდა, თუმცა ევროკავშირის დათქმების შესრულებას ხელისუფლება დაგვიანებით იწყებს.