იორდანიაში ამერიკელებზე თავდასხმის პასუხისმგებლობა „ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო - მედია
იორდანიაში მდებარე სამხედრო ობიექტზე დრონით დარტყმაზე პასუხისმგებლობა შიიტურმა მოძრაობამ „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. თავდასხმას ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი და გამოცემა Washington Post-ი წერენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თავდასხმის შესახებ 28 იანვარს განაცხადეს და პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს დააკისრეს. ირანმა თავდასხმასთან კავშირი უარყო.
ოსტინის ინფორმაციით, 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, სხვები კი დაიჭრნენ იორდანიის ჩრდილო-დასავლეთში, სირიასთან საზღვრის მახლობლად, ამერიკულ და კოალიციის ძალებზე თავდასხმის შედეგად. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დრონით დარტყმის შედეგად 34 სამხედრო დაიჭრა.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდამსხმელებს ადეკვატური პასუხით დაემუქრა. თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკელებზე შეტევას არ მოითმენენ და ყველა ზომას მიმართავენ შეერთებული შტატების და მისი ინტერესების დასაცავად.