ნეპოტიზმი და სავარაუდო კორუფცია მთავრობაში - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

29.01.24 16:30
ნეპოტიზმი და სავარაუდო კორუფცია მთავრობაში - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

პარლამენტის წევრები მოითხოვენ, დადგინდეს რა გზით და საიდან იშოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილმა ამერიკაში სახლის საყიდელი ფული. განხილვის თემაა თორნიკე ჩიქოვანის დასაქმება ბურჭულაძის უწყებაში. 

შაბათის ეთერის რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ "ტვ პირველში" შეტყობინებები არ წყდება. გამომძიებელ ჟურნალისტებს აწვდიან ინფორმაციას ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებზეც. ანონიმურობის დაცვის პირობით გვწერენ, რომ ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროში ოჯახის სხვა წევრებიც დაასაქმა. 

აღნიშნული კითხვით "პირველებმა" ბურჭულაძის უწყებას მიმართა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო კითხვას უპასუხოდ ტოვებს. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ლელა ჩიქოვანი არ არის ერთადერთი ჩინოვნიკი "ოცნებიდან", ვისაც მსგავის ფაქტები უფიქსირდება. 

საქართველოს ხელისუფლება და ის ორგანოები, რომლებიც უნდა დაინტერესდნენ მსგავის საკითხებით, არ დაინტერესდებიან, იმიტომ, რომ ეს ქალბატონი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არ არის იშვიათი გამონაკლისი, ასეთია ხელისუფლების მთლიანი ვერტიკალი, - ამბობს ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე. 

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია კი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. 

რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე არსებობს აქ კითხვები ისევე, როგორც ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებაში და კორუფციასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს არის საკითხი, რაზეც უნდა მომდინარეობდეს მოკვლევა, როგორც ანტიკორუფციული ბიუროსი, ასევე ინტერესტა კონფლიქტიდან გამომდინარე და მათ შორის,ს ახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

პარტია "საქართელოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კორუფციასტან ერთად მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნეპოტიზმიც. 

პოლიტიკურ კორუფციასთან ერთად ნეპოტიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყანაში და ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე და ისიც უნდა გვესმოედს, რომ კორუფციის მთავარი ხელშემწყობი არის ზუსტად ნეპოტიზმი და ეს რომ ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს, რთულია ამაზე საპირისპირო პოზიცია გქონდეს, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.