სხვებსაც მიეცეს შესაძლებლობა - ღარიბაშვილმა კობახიძე საერთოდ არ ახსენა
სხვებსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა - თანამდებობიდან წასულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა შემცვლელი, ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ახსენა.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ყველაზე მეტხანს 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მითუმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“,- ამბობს ღარიბაშვილი.
მან მომავალ პრემიერს გუნდის სწრაფად დაკომპლექტებისკენ მოუწოდა და არც ამჯერადაც უხსენებია ირაკლი კობახიძე. ღარიბაშვილს საერთოდ არ უთქვას, ვინ იქნება პრემიერი.
მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.