წასვლა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო - მამუკა მდინარაძე
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავად მიიღო.
მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში "ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ".
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ღარიბაშვილის დამსახურება უწოდა კანდიდატის სტატუსის მიღებასაც:
24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. მათ შორის იყო შეთავაზება პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარიყო ეს ცვლილება გარკვეული როტაციის პრინციპით. მაგრამ მან თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს უნდა მიეცეს საშუალება მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის, ხედვების, მიდგომების ჩამოსაყალიბებლად...
ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. მსჯელობა იყო პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ჩემდა გასაკვირად, ასეთი ამბები იმ წამსვე ხმაურდება ხოლმე, ეს ბუნებრივი ამბავია, მაგრამ 24 იანვრის შემდეგ დღემდე არავის გაუგია ამის შესახებ. დღეს, როდესაც უკვე პირთა დიდმა წრემ იცოდა ამის შესახებ, ჩვენ პრინციპულად არ ვთქვით ამის შესახებ, რომ ბევრი სპეკულაცია არ მოჰყოლოდა ამას. დიდი ხნის განმავლობაში ეს ამბავი არ გახმაურდა. მხოლოდ დღეს გახდა თავიდან ბოლომდე ცნობილი ამის შესახებ და ეს აღარც დაგვიმალავს. რეალურად, პოლიტსაბჭოზე იყო მსჯელობა, დაყენებული იყო გარკვეული საკითხები, დღეს თავად ღარიბაშვილმა გაახმოვანა საკუთარი ინიციატივა, ეს არის სიმართლე“, - თქვა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიას დაუდასტურა ისიც, რომ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, რომ ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილი] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია“, - განმაცხადა მამუკა მდინარაძემ.