უნდობლობა და გუნდის შიგნით უკმაყოფილება - რას შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილი
რას შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობა მეორედ? - "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია "დღის ამბების" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილი აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღარ ენდობოდა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ გადადგმული ნაბიჯების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
ბესელია "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიდა დაპირისპირბაზე საუბრობს, რომელიც ივანიშვილისთვის პრობლემური გახდა. ამასთან, "ოცნების" ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილის გადაყენების შესახებ გუნდში არავინ იცოდა და გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილმა მიიღო
შიდა დინებები, დაჯგუფებებს შორის კონფლიქტმა მიაღწია იმ პროცესებს, რაც გუნდის შიგნით კონფლიქტური კერების გაჩენას უკავშირდება. მათ შორის, კორუფციული ინტერესები, რომლის ზღვარი უკვე იმდენად შორს არის წასული და იმდენად ღრმა არის, რომ ბევრი საჯარო ინფორმაციაც იდება, თუნდაც ჟურნალისტური გამოძიებები. ეს პრობლემა გახდა ივანიშვილისთვის. ის არ მიიღებდა სხვაგვარად გადაწყვეტილებას იმ დროს და იმ ფორმით. როგორც ჩანს, კონფლიქტი არის იმ დონეზე ღრმა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო როდესაც თქვა, რომ ბრუნდება მესამედ.
ფაქტია, რომ არასაკმარისი ნდობა და უკმაყოფილების იმ დოზით მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რომლის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება იქნებოდა გარდაუვალი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება შიგნით არავინ არ იცოდა. ასე სპონტანურად მიიღება უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არ შეიძლება, ქვეყანა ასე სათამაშოდ იქცეს", - ამბობს ბესელია.