ქვეყნის დაზიანებაში პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრია - გახარიას გუნდი

29.01.24 18:54
ქვეყნის დაზიანებაში პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრია - გახარიას გუნდი

გიორგი გახარიას გუნდი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის დაზიანებაში ადანაშაულებს - როგორც პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა "დღის ამბების" ეთერში განაცხადა, სამთავრობო ცვლილებებით ეს ფაქტობრივად დადასტურდა. 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას, მისი თქმით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მართველი პარტიის ელექტორატშიც კი ურეიტინგო პოლიტიკოსია. 

ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება, მათ შორის, კრიტიკულად დამაზიანებელზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ეს დადასტურდა კიდევ ერთხელ. ბუნებრივია, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მას ძალიან შეზღუდული აქვს პოზიტიური წვლილის და როლის შეტანა პოლიტიკურ პროცესში, ქვეყნის მომავალში, რადგან კობახიძეზე უფრო ადეკვატური კანდიდატი თუ ვერ იპოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან შეზღუდული აქვს სივრცე პოზიტიური წვლილის შეტანის. ყველამ ვიცით, რა რეპუტაცია აქვს კობახიძეს ელექტორალური თვალსაზრისით. თავად ქოცებშიც კი მისი პერსონალური რეიტინგი შეუდარებლად დაბალია. ღარიბაშვილი უფრო ორგანულია "ოცნების" ელექტორატისთვის და მისი რეიტინგი, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო კობახიძესთან შედარებით", - ამბობს ლილუაშვილი.