ღარიბაშვილი კაბინეტს ცლის და ნივთებს ალაგებს - ოლიგარქმა ის პოლიტიკური პროცესებიდან სრულად ჩახსნა

29.01.24 20:01
ღარიბაშვილი  კაბინეტს ცლის და ნივთებს ალაგებს - ოლიგარქმა ის პოლიტიკური პროცესებიდან სრულად ჩახსნა

ირაკლი ღარიბაშვილი  კაბინეტს ცლის და ნივთებს ალაგებს. ამ წუთებში პრემიერს  მთავრობის წევრები ემშვიდობებიან.  უკვე მეორედ ღარიბაშვილმა ივანიშვილს იმედები გაუცრუა. "ოცნების" დამფუძნებელმა ის  მთავრობის ადმინისტრაციიდან  ისევ  გაუშვა და ჩამოაქვეითა. კანცელარიის შემდეგ  ყოფილი პრემიერის სამსახურის ახალი მისამართი, ერეკლე მეორეს მოედანი, როსტომ მეფის სასახლე ხდება. 

ივანიშვილმა ღარიბაშვილი "ოცნების" თავმჯდომარედ დანიშნა, თუმცა ფორმალურად. ყველა ხვდება, რომ  ყოფილი პრემიერის ახალი პოსტი უკვე აღარაფერს ნიშნავს. ასე დაასრულა ივანიშვილმა ორი ირაკლის დიდ ხნიანი ორთაბრძოლა. ოლიგარქმა ფსონი კობახიძეზე დადო და ღარიბაშვილი პოლიტიკური პროცესებიდან პრაქტიკულად სრულად ჩახსნა.

არცერთი სიტყვა მის შემცვლელზე - ღარიბაშვილი  ირაკლი  კობახიძეზე დღეს მხოლოდ მესამე პირში საუბრობდა.  ყოფილი პრემიერის გაბრაზება  ადვილი შესამჩნევი იყო.  ღარიბაშვილი პირველი თებერვლის დაანონსებულ  ყრილობასაც კი  არ დაელოდა  და   პოსტი  დღესვე დატოვა. ის დამსახურებულ პენსიაზე მიდის და ეს ფაქტი  თავადაც დაადასტურა. თქვა, რომ ახლა უკვე ბევრი დრო ექნება ოჯახისთვის.

ერთი კაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც პარტიის  წევრებმა არაფერი იცოდნენ. ჯერ კიდევ დილით "პირველების" კითხვის საპასუხოდ ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ  პრემიერის წასვლა არ  განიხილებოდა.  

ღარიბაშვილი კი დღეს ცდილობდა დაემტკიცებინა,  რომ პრემიერად დარჩენა ზაფხულამდე შესთავაზეს, მაგრამ  უარი თქვა. "პირველების" ინფორმაციით, კი  ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დროს სთხოვა, როცა იქნებოდა მზად, თავად გააკეთებდა განაცხადს  პოსტის დატოვების შესახებ. 

სამთავრობო ცვლილებები - ნანუკა ნანუკა ქაჯაის რეპორტაჟი