ნუთუ, ერთი კარგი რამ არ გაკეთებულა სასამართლო სისტემაში? - მოსამართლე
მოსამართლეთა კორპუსის წევრი, ირაკლი შენგელია, ამბობს, სასამართლო სისტემის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. შენგელიას თქმით, არავინ საუბრობს იმ წარმატებულ რეფორმაზე, რომელიც სისტემაში განხორციელდა.
ძალიან დიდი წნეხი მიდის სასამართლო სისტემაზე ყველა მხრიდან. ნუთუ, რაიმე ერთი კარგი რამ არ გაკეთებულა სასამართლო სისტემაში, რომ ვინმე გამოვიდეს და თქვას, რომ სასამართლოს სისტემაში ეს გაკეთდა, საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი - ესეთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა სასამართლო სისტემაში", - ამბობს შენგელია.
შენგელია ასევე ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემაში არავითარი კლანური მმართველობა არ არსებობს და დღეს ის სრულიად დამოუკიდებელი ორგანოა.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. მოსამართლეები პარტნიორი ქვეყნების ელჩების მოწოდებებზე, რომ შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, საპასუხო განცხადებას გააკეთებენ.