"სოფელ ბახვში, სადაც ბავშვებისთვის საფეხბურთო მოედანი და საფეხბურთო სკოლა უნდა გახსნილიყო, დღეს ღორები დარბიან" - ნიკოლაიშვილი
"სოფელ ბახვში, სადაც ბავშვებისთვის საფეხბურთო მოედანი და საფეხბურთო სკოლა უნდა გახსნილიყო, დღეს ღორები დარბიან", - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
თათია ნიკოლაიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, აღნიშნული საკითხები კი საკრებულოს დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის.
მისი თქმით, თალაკვაძის დაპირება, რომ ოზურგეთში საფეხბურთო სტადიონები მოწესრიგდებოდა, ამ დრომდე შეუსრულებელია და ამ მომენტში რთული ვითარებაა.
ბატონმა ავთანდილ თალაკვაძემ გასცა დაპირებები, რომ სპორტი იქნებოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და მე ახლა ხელში მიჭირავს სოფელ ბახვში, ბატონი ავთანდილის მიერ წარმოდგენილი მაკეტი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სოფელში საფეხბურთო მოედანი და ბავშვებისთვის გახსნილიყო საფეხბურთო სკოლა, საფეხბურთო მოედნის ნაცვლად კი, ღორები დადიან სტადიონზე ბავშვებს საერთოდ არ აქვთ გარემო. ეს არის ლაშეს სტადიონი, სადაც „მერცხალის“ ახალგაზრდა თაობა, პერსპექტიული, წარმატებული ვარჯიშობენ ასეთ გარემოში", - განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.
"პოლიტიკურად ბეცო, უცოდინარო და უტვინო" - ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დღესაც ტრადიციული ხმაურით და დაპირისპირებით გაიხსნა. ერთმანეთი ისევ "ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა გალანძღეს.
ჩხუბის მიზეზი ამჯერად "ტვ პირველის" ეთერში გასული რეპორტაჟი გახდა, სადაც საუბარი ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანას ეხებოდა. საკითხი ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილმა წამოჭრა, თუმცა "ოცნებამ" ამ ამბის გადაფარვას ჩხუბით სცადა. საბოლოდ კი თავი იმით იმართლეს, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი ხორცი რეალურად უვარგისი არ იყო და დოკუმენტებში ტექნიკური ხარვეზი გაეპარათ.
ასევე კითხვები დაისვა გურიაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გზების დიდი ნაწილი დღემდე გაფუჭებულია, ამიტომ ბავშვებს სკოლამდე გადაადგილებაც კი უჭირთ.