სუს-ის მიერ გავრცელებული ფაქტები დასტურია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საქართველოში მეორე ფრონტი სურთ - კობახიძე
უკრაინის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ეხმაურება და ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ფაქტები იმის დასტურია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საქართველოში მეორე ფრონტი სურთ.
"ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ" - თქვა კობახიძემ.
„პოლიტიზირება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ...
როცა ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს ძალიან მძიმე მოვლენა და ძალიან შემაშფოთებელია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც სუს-ის მხრიდან გამომჟღავნდა, ამ ყველაფრის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის საელჩო ქართული მხარეს მოუწოდებს, ეს საქმე პოლიტიზირებისთვის არ გამოიყენოს.
სუს-ის სკანდალური ბრიფინგიდან მალევე გაირკვა, რომ ტერაქტების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი პირი არ ჰყავს დაკავებული. არადა, ლილუაშვილის უწყება თბილისსა და ვორონეჟში დაგეგმილი ტერაქტების ორგანიზებაში 12 ადამიანს ამხელოდა, მათ შორის საქართველოს შვიდ მოქალაქეს.
სუს-ის მტკიცებით, საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეებმა ოდესიდან წამოიღეს და სარფის გავლით საქართველოში შემოიტანეს.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ ოპერაციას უკრაინის მმართველი პარტიის წევრი წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა.
სუს-ის თქმით, თუ ასაფეთქებლები მოქმედებაში მოვიდოდა, მსხვერპლი და ნგრევაა მასშტაბური იქნებოდა.