ოკუპირებულ გალში გარდაცვლილ თემურ კარბაიას საქმეზე ორი „მილიციელი“ დააკავეს

12.02.24 12:00
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილ თემურ კარბაიას საქმეზე ორი „მილიციელი“ დააკავეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე 2 "მილიციელი" დააკავეს.  ოკუპირებულ რეგიონში სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ იყო დაწყებული. 

დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი ეჭვმიტანილები არიან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში. კვეკვესკირი პროკურატურაში არ გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ე.წ. პროკურატურის მტკიცებით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა. როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტრომ ადრე აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებენ.

9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები