შეიძლება, რუსეთი არჩევნებში მართლა ჩაერიოს, მაგრამ ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის - მდინარაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ DW-სთან მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთი მართლაც ჩაერიოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ვის სასარგებლოდ, "ეს კაცმა არ იცის".
მდინარაძემ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დაკვეთილი დავალების შესრულებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ყოველგვარი გზით ცდილობს, მმართველ პარტიას რუსული საქმეების "მიაწებოს".
რუსული ხომ უნდა ეხსენებინა. დავალება აქვთ - ყველას ერთად, სალომე ზურაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ, სხვა წევრებს გუნდისა, აქვთ ერთი დავალება - ყველაფერი უნდა იყოს რუსული, რაც "ქართულ ოცნებას" უნდა მიეწებოს. ახლა რუსეთი ჩაერევაო - რუსეთი შეიძლება მართლა ჩაერიოს, მაგრამ ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის. რუსეთმა შეიძლება მართლა სცადოს, ჩვენთან კი არა, ეჭვები არსებობს გაცილებით ძლიერ და დიდ ქვეყნებში ცდილობენ ისინი ჩარევას. მაგრამ კაცმა არ იცის ვის სასარგებლოდ", - ამბობს მდინარაძე.