საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომა - რა გზავნილებით ჩავიდა კობახიძე ბრიუსელში

20.02.24 10:46
საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომა - რა გზავნილებით ჩავიდა კობახიძე ბრიუსელში

რა გზავნილი ჩაიტანა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში? ახალი პრემიერის პირველი სამუშაო ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში უკვე დაიწყო. რამდენიმე საათში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიხსნება.

ახლა, ჯოზეფ ბორეელის და ოლივერ ვარჰეის თანდასწრებით, უნდა ახსნას კობახიძემ, რატომ არ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროპულ რეკომენდაციებს. დიდი ალბათობით, კობახიძეს თავის მართლება მოუწევს ცესკოს დაკომპლექტების ახალ წესზეც. კობახიძეს დღეს მძიმე დღე აქვს. პრემიერს პირისპირ მოუწევს დაჯდეს პრეზიდენტ მიშელთანაც, რომლის შუამავლობით შედგენილი დოკუმენტი "ოცნებამ" ანულირებულად გამოაცხადა.

ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი სიახლეა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგისთვის და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების გზაზე.

ყურადღებას გავამახვილებ ასოცირების საბჭოს დღის წესრიგზე, რომლის პირველი თემაც გახლავთ სწორედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი სიახლეა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგისთვის. აქედანაც ჩანს, რომ ევროკავშირთან და ევროპულ მხარესთან ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე.

ბუნებრივია, საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, იმ ცხრა რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ ევროკომისიამ შემოგვთავაზა და მათი იმპლემენტაციის მდგომარეობაზე. ასევე, ხაზი გაესმება იმას, რომ შემდეგი უახლოესი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გახლავთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილი.

ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის თქმით, კი ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, თავისთავად მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ბატონ სტოლტენბერგთან, არამედ იქნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, სადაც ელჩებთან ერთად გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ ყველა ჩვენი მტკივნეული საკითხი და მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთოთ ჩვენს მომავალ ინტეგრაციულ პროცესზე ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი წევრობის თვალსაზრისით", - განაცხადა დოლძემ.

მსგავსი სიახლეები