ცვლილებები ცესკოს კოდექსში - "ოცნება" რეპრესიული კანონის მისაღებად ემზადება

20.02.24 11:30
ცვლილებები ცესკოს კოდექსში - "ოცნება" რეპრესიული კანონის მისაღებად ემზადება

"ქართული ოცნება" რეპრესიული კანონის მისაღებად ემზადება. ზუსტად ერთ საათში პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამედ, საბოლოოდ განიხილავენ. "ოცნება" არ ითვალისწინებს არც ვენეციის კომისიის დასკვნებს და არც ეუთო-ოდირის შეფასებებს. კანონის მიხედვით, ცეკოსში ერთადერთი ოპოზიციური თანამდებობა გაუქმდება. ასევე, პროცესებიდან სრულად ჩაიხსნება საქართველოს პრეზიდენტიც.

ამ ფონზე "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ცესკო პოლიტიკური ჩარევებისგან დაცლილი უნდა იყოს. 

განსხვავება ოპოზიციურ მოდგილესა და დანარჩენ ჩვეულებრივ წევრს შორის არის ერთადერთი: ის, რომ მას აქვს უფლებამოსილება თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება შეასრულოს. და აი, რაღაც მოცემულობა აქვთ მათ მოფიქრებული თავისთვის, რა მოცემულობაშიც ალბათ იციან, რომ თავმდჯომარე აღარ იქნება და მის მოვალეობას შეასრულებს მათი თანაპარტიელი. იმ კაცს შეიძლება რაღაც დამართონ, ვინც არის თავმჯდომარე ან მომავალში ვინც იქნება თავმჯდომარე, წლების შემდეგ, შეიძლება რაღაც დამართონ. პირდაპირი გაგებით ვამბობ. არ დაუმართიათ? ხალხი არ ადუხოცავთ ქუჩაში თუ ასეთი არ ჩაუენიათ?, - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავს და ცდილობს, ცესკოზე პოლიტიკური ბერკეტები შეინარჩუნოს.

ყველა კითხვის ნიშანზე პასუხები უკვე გაცემულია და რჩება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები და  ესეც იმისთვის, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და უნდა, ცესკოს მართვაზე პოლიტიკური ბერკეტები შეინარჩუნოს. რაც მთავარია, ამ ბერკეტებს იმისთვის კი არ იყენებს, რომ ქვეყანას ჰქონდეს სანდო, გრძელვადიანი, კანონის შესაბამისად დაკომპლექტებული და ეფექტური საარჩევნო ადმინისტრაცია, არამედ იყენებს იმისთვის, რომ ყოველ 6 თვეში მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის დესტაბილიზაცია, რაც ავნებს ქვეყანას, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ოპოზიციას კი არ სჯერა, რომ მმართველი პარტია ცესკოში მიუკერძოებელ, ნეიტრალურ წევრებს აირჩევს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში წაგების ეშინია. 

ის, რომ ახლა ატყუებენ მთელ მსოფლიოს, რომ შალვა პაპუაშვილი, რომელიც არის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, შეარჩევს თურმე მიუკერძოებელ, ნეიტრალურ ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს და მერე "ქართული ოცნება" ერთპარტიულად აირჩევს თურმე ცესკოს, თურმე ეს ყოფილა დემოკრატია, ამას არავინ ჭამს არც საქართველოში და არც ევროპაში. და მთავარი რა არის? რატომ აკეთებენ? ეშინიათ - მეტი არაფერი, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები