ნავალნი რუსეთში ღიად ჩაფრინდა, სააკაშვილი ქურდულად შემოიპარა, ის სასჯელს უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა, სააკაშვილი კი ლუქსშია - იონათამიშვილი

20.02.24 14:13
ნავალნი რუსეთში ღიად ჩაფრინდა, სააკაშვილი ქურდულად შემოიპარა, ის სასჯელს უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა, სააკაშვილი კი ლუქსშია - იონათამიშვილი

ნავალნი რუსეთში ღიად ჩაფრინდა, სააკაშვილი კი არაჟნებით სავსე კონტეინერით, ქურდულად შემოიპარა საქართველოში; ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში მაშინ, როდესაც სააკაშვილი კეთილმოწყობილ, ორ ოთახიან ლუქსშია - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იონათამიშვილი ამბობს, რომ ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლებით გულს ვერავის აუჩუყებენ და ვერც შეცდომაში შეიყვანენ საოგადოებას.

ნავალნი რუსეთში დაბრუნდა თვითონ, საჯაროდ, ღიად ჩაფრინდა მოსკოვში მაშინ, როდესაც სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა არაჟნებით სავსე კონტეინერით, ქურდულად, მალულად და მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით არევა იყო; ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში, ძალიან მძიმე პირობებში, მაშინ, როდესაც სააკაშვილი კეთილმოწყობილ, ორ ოთახიან ლუქსშია, საკაბელო ტელევიზიით და ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფილი; ნავალნისთან საპატიმროში ადვოკატებიც კი ვერ შედიოდნენ, არ შეეძლოთ მისი ნახვა. აქ, სააკაშვილს ამ ხნის განმავლობაში 2 ათასამდე მნახველი ჰყავდა. დღეში 2-3 ვიზიტორი; ნავალნი სასჯელს ღირსეულად იხდიდა, მაშინ, როდესაც სააკაშვილისგან ვხედავდით, ხან გასტრონომიულ ფალსიფიკაციას, ხან სიმულაციას, დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე, მისი ოჯახის მხრიდან მილიონობით დოლარის გადახდას საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. მათ შორის იმ დროს, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე ვიდექით ევროინტეგრაციის გზაზე; ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე კი ნამდვილად არის კრიმინალი, რომელმაც საქართველოს შიგნით გაამწარა ათასობით ოჯახი, ხოლო საქართველოს გარეთ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ არსებობს ფაქტობრივად ასი გადაწყვეტილება, ასი ვერდიქტი.

და ბოლოს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უნდა იყოს - ნავალნის არც მაშინ დაუთმია რუსეთის მოქალაქეობა, როდესაც რუსეთიდან წავიდა და არც მაშინ, როდესაც ბრუნდებოდა. სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა. მისთვის არავის ჩამოურთმევია მოქალაქეობა. მან საქართველოს პასპორტი გაცვალა სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე.

ამ სურათიდან გამომდინარე თუ ვინმეს გონია, რომ ამ პარალელის გავლებით ვინმეს ან გული აუჩუყდება, ან ვინმე შეცდომაში შევა, მართლა ძალიან ცდება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები