"ნებისმიერი დოკუმენტი განიცდის ცვლილებას" - აპირებს თუ არა "ოცნება" EU-ს 9 დათქმაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნას?

20.02.24 16:24
"ნებისმიერი დოკუმენტი განიცდის ცვლილებას" - აპირებს თუ არა "ოცნება" EU-ს 9 დათქმაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნას?

აპირებს თუ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროკომისიის 9 დათქმაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნას? - ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ "ნებისმიერი დოკუმენტი განიცდის ცვლელებას". 

ილია დარჩიაშვილი ამ კონტექსტში, კონიუნქტურას და კონსულტაციებს ასახელებს. 

9 პუნქტი არის ცალსახად გაწერილი თითოეული ინსტიტუციის მიხედვით, თუ ვადების მიხედვით თუ როგორ ვგეგმავთ ჩვენ ამ 9 პუნქტის შესრულებას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ასევე რომ  ნებისმიერი დოკუმენტი განიცდის ცვალებადობას. გამომდინარე იმ კონიუნქტურიდან და გამომდინარე იმ კონსულტაციებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ იწყვეტ ფორმატში გვაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შესაბამისად, ჩვენ როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, დავიწყეთ ამ 9 პუნქტის შესრულება" - თქვა მინისტრმა. 

ილია დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" თვითონ არის დაინტერესებული, რომ 2024 წელს ქვეყანაში სამართლიანი და მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩაატაროს. 

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს დაგეგმილ ასოცირების საბჭოზე საქართველოს პრემიერი უცხოელ პარტნიორებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესში: 

ჩვენ ვართ პირველ რიგში დაინტერესებული ეს არჩევნები იყოს გამორჩეული და მაღალი სტანდარტების და ეს აუცილებლად განხორციელდება.

ჩვენ გავმართავთ ასოცირების საბჭოს ევროკავშირთან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების - ევროკავშირი-საქართველოსი. იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გეგმავს ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს"-თქვა მან. 

რას მოიცავს 9 დათქმა

ევროკომისია წერს, რომ ამ რეკომენდაციით გამოდის 2022 წლის ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ განსაზღვრული „12 პრიორიტეტისა და უფრო ფართო კონტექსტში მიღწეული შედეგების“ გათვალისწინებით.

დათქმების სრული ჩამონათვალი და თანმიმდევრობა ასეთია:

  1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა;
  2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
  3. პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
  5. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  6. ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
  7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

მსგავსი სიახლეები