რეპრესიული კანონი დამტკიცებულია - ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება

20.02.24 16:47
რეპრესიული კანონი დამტკიცებულია - ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება

"ქართულმა ოცნებამ" რეპრესიული კანონი დაამტკიცა - პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.  მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა. 

მიღებული კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

  • პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ.
  • კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.
  • იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთი კვირაში ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიასა და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას გაუგზავნის. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, იმავე სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე დანიშნოს.

ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

გარდა ამისა, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები