რა უთხრეს კობახიძეს ბრიუსელში - ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები

21.02.24 15:17
რა უთხრეს კობახიძეს ბრიუსელში - ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები

ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის რანგში პირველად შეხვდა იმ უწყების პირველ პირს, რომლის რეზოლუციებსაც პარტიის თავმჯდომარეობის დროს აბსურდულს უწოდებდა და ჩალის ფასად მიიჩნევდა. ამიტომ პირობების შესრულებასთან ერთად, დახურულ კარს მიღმა კობახიძეს სავარაუდოდ, კითხვები იმის შესახებაც დაუსვეს, რატომ ესხმიან თავს ევროპარლამენტარებს მისი პარტიის ლიდერები და რატომ არ წყდება ანტიდასავლური რიტორიკა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

დარჩიაშვილის თქმით, საუბარი შეეხო იმას, რა დიდი ძალისხმევა გაიწია ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მხრიდან და როგორ გეგმავს პრემიერ-მინისტრიც მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

„რობერტა მეცოლა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მას და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მომავალს, იმ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით შარშან დეკემბერში. შესაბამისად, ტრადიციულად, საქართველოს მისამართით ქალბატონი პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორია შემდგომი პროცესი, როგორ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ცხადია, საუბარი შეეხო იმას, რა დიდი ძალისხმევა გაიწია ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მხრიდან და როგორ გეგმავს პრემიერ-მინისტრიც მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო აგრძელებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს ქვეყნის საბალოო წევრობამდე. იყო ძალაიან საინტერესო, მეგობრული შეხვედრა და კიდევ ერთხელ მივიღეთ ძლიერი მხარდაჭერა ქალბატონი პრეზიდენტისგან საქართველოს ევროპული მომავლის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი კი ამბობს, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს და რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით.

„ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება, აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს და რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ გარემოზე როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე საქართველოში. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ევროპარლამენტში არის არჩევნები, ისევე როგორც საქართველოში, შესაბამისად, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მოლოდინებზე არჩევნებთან მიმართებით. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზეც, რამეთუ, ბუნებრივია, ევროპარლამენტმა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები