ვაშაძე: რუხაძეს არ მოსწონს ჩემი მუშაობა ან რატომ უნდა მოვწონდე? სწორედ იმ ძარცვას ვებრძვი, რომელსაც საპენსიო სესხის პროცენტით ახორციელებს
„რატომ უნდა მოვწონდე ირაკლი რუხაძეს, როცა ერთ-ერთი უსამართლობის ქვაკუთხედი ეგ არის, ხალხი უკიდურესად ღარიბდება და ის და მისნაირები ზემდიდრები გახდნენ, სწორედ ამ ძარცვას ვებრძვი - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „იმედი“-ს მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომელიც მან NDI-სთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ვაშაძის თქმით, ის იმ უსამართლობას ებრძვის რასაც რუხაძე ყოველდღიურად პენსიონრების წინააღმდეგ ახორციელებს საპენსიო სესხის მაღალი პროცენტის გამო
„პენსიონრების მძარცველ ირაკლი რუხაძეს თურმე არ მოსწონს ჩემი მუშაობა, ან რატომ უნდა მოვეწონო, სწორედ იმ ძარცვას ვებრძვი, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს, უსამართლოდ მაღალი საპენსიო სესხის პროცენტს რომ ახდევინებს ხალხს და დამატებით მილიონებს იღებს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან.
ან რატომ უნდა მოვწონდე, როცა ერთ-ერთი უსამართლობის ქვაკუთხედი ეგ არის, ხალხი უკიდურესად ღარიბდება და ის და მისნაირები ზემდიდრები გახდნენ ამ ქვეყანაში.
საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. არჩევნებში ჩვენი გამარჯვებისთანავე ყველა პენსიონერს სესხის პროცენტი ჩამოეწერება და ეს უსამართლოდ ძარცვის უფლება, რომელიც ექსკლუზიურად აქვს დღეს ირაკლი რუხაძეს და სხვებს ვინც ივანიშვილს დღეს ერთგულებას ეფიცება დასრულდება“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, ვაშაძეები და სხვები, პოლარიზაცია იქნება, რადგან ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, ზუსტად ვიცი, რასაც გააკეთებენ, ნანახი მაქვს ეს კინო - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.