მნიშვნელოვანია მაღალი რეპუტაცია და დამოუკიდებლობა - ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომაროების კანდიდატზე
ვინ შეცვლის თამარ ჟვანიას? - ცესკოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტმა სპეციალური კომისიის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან. კომისიის შექმნის შემდეგ კანდიდატებს განცხადებების წარსადგენად 5 დღიანი ვადა ექნებათ. შერჩეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს გადაუგზავნის.
ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს ოპოზიციასაც. ხელისუფლების ოპონენტები იმ ძირითად თვისებებსა და უნარებზე საუბრობენ, რომელიც ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს უნდა გააჩნდეს.
ახალი თავმჯდომარის არჩევისათვის საჭიროა პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა. შესაბამისად, კანდიდატი, რომელიც იქნება შერჩეული, უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად კრიტერიუმებს, ეს არის მაღალი რეპუტაცია, დამოუკიდებლობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მისი შერჩევის პროცესში და რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, ისეთი თავმჯდომარე იქნას შერჩეული, რომელიც ისარგებლებს დიდი საზოგადოებრივი ნდობით, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ამავე აზრს იზიარებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძეც.
ახლა მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად გაიაზროს, თუ რა პასუხისმგებლობაა ახალი საარჩევნო რეფორმის პირობებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა და პრეზიდენტმა ისეთი პიროვნება შემოგვთავაზოს, რომელიც საოგადოებაში სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და ნდობით, - ამბობს მანჯგალაძე.
პარალელურად, „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ პროცესი გამჭვირვალე და დამოუკიდებელი იქნება.