"ეს ხელისუფლება საქართველოს ტკივილით არ ცხოვრობს" - 6 წელი ტატუნაშვილის მკვლელობიდან და დაუსჯელი დამნაშავეები
რატომ არ ითხოვს მთავრობა პასუხს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე? დღეს ზუსტად ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ცხინვალის ციხეში აგვისტოს ომის მონაწილე წამებით მოკლეს, თუმცა ტატუნაშილი-ოთხოზორიას სია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და დავალებები მთავრობას მისცა, ამ დრომდე ფარატინა ფურცლად არის ქცეული.
წლები გადის და არაფერი იცვლება. მეტიც, მკვლელობაში ბრალდებული ერთიერთი პირი საოკუპაციო რეჟიმმა დააწინაურა კიდეც.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ტკივილით არ ცხოვრობს და ამიტომაც არიან დღემდე დაუსჯელები ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და გინტურის მკვლელები.
ეს ხელისუფლება საქართველოს ტკივილით და საქართველოს პრობლემებით კი არ ცხოვრობს და ქართველი ხალხის სამსახურში კი არ დგას, ის დგას ოკუპანტი სახელმწიფოს სამსახურში, ამიტომ მათთვის არაფერს არ ნიშნავს არც ტატუნაშვილის, არც ოთხოზორიას, არც გინტურის მკვლელობები. ქართველი ხალხის სამსახურში რომ ყოფილიყვნენ, მაშინ მოძებნიდნენ შესაძლებლობებს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგშიც რომ მუდმივად ყოფილიყო ტატუნაშვილი-ოთხოზორია-გინტურის თემები და იმ შესაძლებლობასაც მოძებნიდნენ, რომ საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სრულიად მიტოვებულად არ გრძნობდნენ სახელმწიფოსგან თავს", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძის თქმით, ამბობს, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რომელიც დამნაშავეების დასჯას ითვალისწინებდა, მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩა.
ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რომელიც ითვალისწინებდა, რომ მომხდარიყო ამ ადამიანების პასუხისგება, წლების გნამვლობაში განხორციელებული ქართველთა წამების, მკვლელობის ფაქტებზე, შემდეგ ვალდებულებაც გაჩნდა, რომ მთავრობამაც და პარლამენტმაც წარმოადგინონ ყოველწლიური ანგარიში, თუ რა მოხდა, მათი დაკავება, სანქცირება და ზოგადად, შემდეგში გასატარებელი ღონისძიებებისთვის, თუმცა ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული, სამწუხაროდ. დარჩა ფარატინა ქაღალდად", - ამბობს მანჯგალაძე.
უმრავლესობა კი ტრადიციულად თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ცდილობს რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემას.
თქვენ კარგად იცით, რომ სამწუხაროდ, ამ ტერიტორიებზე ჩვენი ვიზიტი არ ვრცელდება. თუ რამეს ვაკეთებთ და არის გარკვეული წინსვლები, ეს არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ გულწრფელად, რომ არც ისე არ არის, რომ მათაც ჰქონდეთ სრულყოფილი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ, ეს მიმართულება არა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ამ შემთხვევაში წინსვლა გვქონდეს გამოძიების თვალსაზრისით, არამედ მათ შორის, პოლიტიკური განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დეოკუპაციის პროცესს არ ვწყვეტთ, პირიქით ვავითარებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით", - ამბობს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.
არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის ასაკში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.
ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნასვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.