როცა ევროპაშია, ღუღუნა ხმით საუბრობს ევროპაზე - ნაცვლიშვილი კობახიძეზე

22.02.24 11:28
როცა ევროპაშია, ღუღუნა ხმით საუბრობს ევროპაზე - ნაცვლიშვილი კობახიძეზე

პარტია "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტებს "თვალთმაქცობას" უწოდებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც კობახიძე ევროპაშია "ღუღუნა ხმით საუბრობს", ხოლო ქვეყანაში ხელისუფლებას საკუთარ საერთაშორისო პარტნიორებზე იერიში მიაქვს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" საუბრის დროს "ქართული ოცნების" რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავრობა საკუთარ მხარდამჭერებს სიცრუეში აცხოვრებს.

ზოგადად რუსეთის სტილია ეს, ორი სახე ჰქონდეს და "ქართული ოცნება" ძალიან წარმატებით აკოპირებს ამას. კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ თვალთმაქცობას, რომ მთელი ეს ბაქიბუქი და თავდასხმები ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე და მათი დადანაშაულება საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ტიპის კონსპირაციისთვის, ეს არის შიდა მოხმარებისთვის გამოგონილი ტყუილები, რომ თავისი მხარდამჭერები კვებოს ამ ტყუილებით. როგორც ვხედავთ, როცა ევროპაშია, მაშინ ძალიან მშვიდი და ღუღუნა ხმით საუბრობს ევროპაზე", - ამბობს ნაცვლიშვილი.

ირაკლი კობახიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში გამართა. კობახიძე მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომაში მიიღო, ამის შემდეგ კი პირისპირ მოლაპარაკება ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან გამართა. ახალი პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ნატოს გენმდივანს.

 

მსგავსი სიახლეები