წახალისებული ძალადობა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - მესამე სექტორი
წახალისებული ძალადობა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - ასე აფასებენ მედიაექსპერტები ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო დროს გახშირებული თავდასხმის ფაქტები მიუთითებს, რომ საქართველოში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის უსაფრთხოება დაცული არ არის.
"მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი, ამბობს, რომ თუ მოძალადეები სათანადოდ არ დაისაჯნენ, ეს მათთვის მწვანე შუქის ანთების ტოლფასი იქნება და მედიაზე თავდასხმები მომავალშიც გაგრძელდება.
ძალიან პრობლემური გახდა ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მათი პროფესიული მოვალეობის შესრულება, რასაც გარკვეულწილად ასაზრდოებს ის მტრული რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი მედიის წინააღმდეგ ისმის. თუ ასეთი პირების სათანადოდ დასჯა არ მოხდა, ეს იქნება მწვანე შუქი, რომ მომავალში ისევ მოხდეს მსგავსი ძალადობის ფაქტები"- აცხადებს კინწურაშვილი.
,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი, გურამ იმნაძე, აღნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაანახებს ყველას, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება:
ჟურნალისტების უსაფრთხოება, დაცულობის განცდა, აუცილებლად აღსადგენია. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებელია სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან არ არის შეწყნარებული და მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება"- ამბობს იმნაძე.
"საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს და ამბობს, რომ უწყება არაეფექტურად მუშაობს:
ეს გამოძახილია იმ ყველაფრისა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქამდე აკეთებდა. იმ არადროული ქმედებების გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ვხედავდით წინა ძალადობასთან მიმართებითაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროული ნაბიჯები გადადგას ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით"- განაცხადა სიმონიშვილმა.
წალკაში, სოფელ წინწყაროში, ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ "პირველების" რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა.