უნდა დავაფასო თქვენი იუმორი - რაქვიაშვილი პაპუაშვილს, რომელმაც ოპოზიცია ჯერ ლანძღა, შემდეგ ერთად მუშაობისკენ მოუწოდა
ბატონო შალვა, უნდა დავაფასო თქვენი იუმორი. მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო- ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კოლეგების წინაშე 2023 წლის ანგარიშით წარსდგა.
რაქვიაშვილმა პაპუაშვილს უთხრა, რომ ყველაფერი ოპოზიციას „დააბრალა“, შინაარსობრივად „ოცნების“ შეცდომები იყო.
„ბატონო შალვა, უნდა დავაფასო თქვენი იუმორი. მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო. ასე მე მგონი, საქმე არ კეთდება, თუ ლანძღავთ ნახევარი საათი ოპოზიციას, მერე ერთად მუშაობა რაღაცნაირად რთულად წარმოსადგენია.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი რაც ოპოზიციას დააბრალეთ, საბოლოო ჯამში ასევე თქვენი შეცდომებია. ბოლოს და ბოლოს რაღაცები მარტივად იზომება. კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში 12-დან 3 პუნქტი შესრულდა ასე თუ ისე. საბოლოო ჯამში, შედეგები როგორია გვესმის. მესმის, ზოგჯერ რთულია შეცდომების აღიარება, მაგრამ ყველაფერი რაც ოპოზიციას დააბრალეთ შინაარსობრივად თქვენი შეცდომები იყო ამა თუ იმ ფორმით. შეიძლება ჩვენი შეცდომებიც იყო რაღაცები ამ სიტუაციაში, მაგრამ უფრო თქვენი,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.