მოლაპარაკებების მესამე რაუნდი პარლამენტში - განხილვის თემა 9 დათქმაა

22.02.24 15:47
მოლაპარაკებების მესამე რაუნდი პარლამენტში - განხილვის თემა 9 დათქმაა

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი საქართველოს პარლამენტში - "ოცნება" და ოპოზიცია ერთი მაგიდის გარშემო, ერთმანეთის პირისპირ, ზუსტად ოთხ საათზე აღმოჩნდებიან.

შეხვედრის მიზანი ევროკავშირის 9 რეკომენდაციის პირნათლად შესრულებაა, რომელზეც დღეს მხარეები იმსჯელებენ. დღის წესრიგის მთავარი თემა სასამართლო რეფორმაა, რისთვისაც საკანონმდებლო ორგანოში სასამართლო კლანის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ელოდებიან.

დეპუტატი ხატია დეკანოიძე "პირველებთან" იმ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც დღეს მოსმენის დროს უნდა წარადგინოს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საწყის ეტაპზე 9 დათქმიდან პრიორიტეტული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის თავიდან მოშორება და სამართლიანი მართლმსაჯულების აღდგენაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

მთავარი საკითხი აქ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და განსაკუთრებით, ვენეციის კომისიის მიერ დაწესებული დათქმები და რეკომენდაციები. პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიამ თქვა ცალსახად, სანამ არ მოგვარდება ობიექტურობის სტანდარტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კლანი არ იქნება, ასე რომ ვთქვათ, გაწეული, მანამდე ჩვენ ობიექტური, თავისუფალი სასამართლო არ გვექნება. სწორედ ამ საკითხზე ვაპირებ მე მუშაობას", - ამბობს დეკანოიძე. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ცვლილებებს გამოუსადეგარს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი საქმიანი წინადადებები საქართველოში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის, ამიტომ დაუშვილის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" წარადგენს საკუთარ მოსაზრებებს და შეხედულებებს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია პირნათლად.

რასაც გვთავაზობს "ოცნება" არის რაღაც ცვლილებები, რომლებიც ცუდი არ არის. შეიძლება ამ ცვლილებების მიღება, მაგრამ ეს ცვლილებები არაფერს არ შეცვლის. ამ ცვლილებებს მივიღებთ, მაგრამ არაფერი არ შეიცვლება. გვექნება ისევ ის სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ ჩვენი შეთავაზებები გვაქვს და ვნახოთ, რაზე შევჯერდებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა უნდა გავატაროთ. ასეთი საბჭოთი სასამართლოს ვერ გააუმჯობესებ. შეუძლებელია", - ამბობს დაუშვილი.

რაც შეეხება მთავრობის წარმომადგენლებს, მმართველი პარტია 12 დათქმის სრულყოფილად შესრულებას აანონსებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ოცნება" გადის "ურთულეს, ეკლიან გზას", თუმცა ხელისუფლების ყველა ქმედება სასურველ შედეგს გამოიღებს და საქართველოს ევროინტეგრაციაზე დადებითად აისახება.

ჩვენ მივყვებით დღის წესრიგს. ჩვენ, ისევე როგორც 12 რეკომენდაციის შემთხვევაში, თან ვმუშაობთ, თან ამათ ვებრძვით, თან საქმეს ვაკეთებთ, თან დისკუსიაში შევდივართ ნებისმიერთან. ეს არის ურთულესი, ეკლიანი გზა, მაგრამ გავივლით ამ გზას და გავალთ ბოლოში აუცილებლად. არც ეროვნულ ინტერესებს არ დავთმობთ, არც ტერიტორიულ მთლიანობას არ გადავწევთ უკანა პლანზე, არც ეკონომიკურ წინსვლას, არც მშვიდობას და არც ევროპას. შესაბამისად, ეს რთული ამოცანა აუცილებლად შესრულდება და აღსრულდება", - ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების მესამე რაუნდს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან. კერძოდ, ლაშა ტუღუში და ეკა ციმაკურიძე საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავენ და მხარეებს საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ.

მსგავსი სიახლეები