CopyPaste - რა დაამტკიცეს ქობულეთში წაუკითხავად
ბათუმის მოსახლეობამ, თანხმობა გასცა, რომ ქობულეთში ცათამბჯენები აშენდეს. ზღვის პირა ზოლში 45 სართულიან კორპუსებს ჩადგამენ. პროექტი იმდენად სწრაფად დაამტკიცეს, რომ დოკუმენტი თავშივე დაახარვეზეს. შაბლონური ტექსტი, ერთი დოკუმენტიდან დააკოპიტეს და მეორეში უცვლელად გადაიტანეს.
ქობულეთის მერიის ნაცვლად, ჩაწერეს, რომ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა კრიტიკული მოსაზრებები უკვე მოისმინეს. ზოგიერთი ციტატა კი თბილისში მიმდინარე ერთ-ერთი მშენებლობის განაშენიანების დოკუმენტიდან ამოიღეს.
სკანდალური ამბავი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გათქვა. ქმედება დაგვიანებული აღმოჩნდა. სანაპირო ზოლში ფიჭვნარი უკვე გაჩეხილია. დაწყებული მშენებლობა კი დროებით შეაჩერეს. ქობულეთის მერიაში ყველა გადაბრალების რეჟიმზეა გადასული.
რა ირკვევა გარემოს ეროვნულმა სააგენტოს მიმართვის შემდეგ?
ზღვისპირა ზოლში კომპანია „ვითიქეი“ 40-45-სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტებში „ფაქტობრივი ხარვეზებია“.
ქობულეთის მერიაში გაგზავნილ წერილში პირდაპირ წერია, რომ ქალაქ "ბათუმის მოსახლეობა ქობულეთში დაგეგმილი მშენებლობის მომხრეა".
პროექტის განხორციელება დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში, ამიტომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას – წერს სააგენტოს დირექტორი ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს.
ოფიციალურ დოკუმენტში ქობულეთის მერიის ნაცვლად წერია: "ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინება.“