მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
განცხადების თანახმად, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.
მთავრობაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა"- წერია განცხადებაში.
საინტერესო დეტალი
გადაწყვეტილება მთავრობამ ნათია თურნავას პარლამენტში მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა
ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს.
თურნავა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა.
ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან ცხრა შეკითხვა გაეგზავნა.